რა არის აუცილებელი გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისთვის?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისთვის პირველ რიგში აუცილებელია დაინტერესებული პირებისთვის სასურველ დროს სესიის დაჯავშნა. სესიის დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით:
https://napr.gov.ge/ka/smart-contract
ჯავშნის შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ მითითებული ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჯავშანში მითითებული დროის დადგომამდე 15 (თხუთმეტი) წუთით ადრე ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და სესიის ბმულს.
სესიის ბმულზე უნდა გადახვიდეთ ჯავშნის დადგომის დროს.
ვის შეუძლია გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობა?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან/და პასპორტი. აღნიშნული დოკუმენტები აუცილებლად უნდა იყოს მოქმედი (აქტიური).
რომელი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი გონიერი კონტრაქტის საშუალებით?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:
1) ნასყიდობის რეგისტრაცია;
2) ნასყიდობისა და იპოთეკის რეგისტრაცია;
3) იპოთეკის რეგისტრაცია;
4) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია.
აუცილებელია თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისთვის?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელი არ არის. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
რომელი მოწყობილობების გამოყენებით შეიძლება გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობა?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისთვის შესაძლებელია მობილური ტელეფონის, ასევე პერსონალური კომპიუტერის, ლეპტოპის ან ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც გააჩნია ვიდეოკამერა და მიკროფონი.
შეიძლება თუ არა სესიის ბმულის მესამე პირებისთვის გაზიარება?
arrow_drop_down_circle
სესიის ბმულის მესამე პირებისთვის გაზიარება დაუშვებელია, რათა სესიას ხელი არ შეუშალონ იმ პირებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ სესიის მხარეებს.
რა ხდება სესიაზე დაგვიანებისა და გამოუცხადებლობის შემთხვევაში?
arrow_drop_down_circle
ოპერატორი ჯავშნის დადგომის დროიდან 5 წუთის განმავლობაში დაელოდება სესიის მხარეებს. თუკი სესიის მხარე ან მხარეები არ გამოცხადნენ ჯავშნის დადგომის დროს, სესია შეწყდება.
როგორ ხდება სესიის მხარეების ვინაობის დადგენა?
arrow_drop_down_circle
სესიის მხარეების ვინაობის დასადგენად გამოიყენება დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამოწმებს გარიგების მხარეების ვინაობას.
სესიაზე იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წარმატებით გასავლელად, სესიის მხარე უნდა მიყვეს პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერატორის მითითებებს. სესიის განმავლობაში მოწყობილობის კამერა უნდა იყოს ჩართული.
პროცედურის ეტაპების ან კონკრეტული მოქმედების გაურკვევლობის შემთხვევაში, ოპერატორი მხარეს აუხსნის შესასრულებელ მოქმედებას და დაეხმარება მის წარმატებით შესრულებაში.
თუ სესიის მიმდინარეობა რომელიმე მხარესთან მიმართებით შეწყდა/კამერა გაითიშა, სესიაში იმავე ბმულზე დაბრუნების შემდეგ სესიის მხარე ხელახლა გაივლის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურას.
რა დოკუმენტებია აუცილებელი დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გასავლელად?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისთვის სესიის მხარეს თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. აღნიშნული დოკუმენტები აუცილებლად უნდა იყოს მოქმედი (აქტიური).
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სესიის მხარის დისტანციური იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია წარუმატებელია?
arrow_drop_down_circle
თუ სესიის მხარემ ან მხარეებმა ვერ გაიარა/გაიარეს დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურა, ესე იგი მისი/მათი ვინაობა ვერ დადგინდა და სესია შეწყდება.
რამდენ ხანს გრძელდება გონიერი კონტრაქტის სესია?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის სესიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სესიის მხარეების რაოდენობაზე, მათ შეუფერხებელ კავშირზე ინტერნეტთან, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წარმატებით გავლის დროსა და სხვა ფაქტორებზე. ერთი სესიის დრო შეადგენს საშუალოდ 15 წუთს.
ვისი მონაწილეობით შეიძლება დაიდოს გარიგება?
arrow_drop_down_circle
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, სესიაში მონაწილეობენ მყიდველი და გამყიდველი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების დადების სესიაში - 3 მხარე: მყიდველი, გამყიდველი და ბანკის წარმომადგენელი. მყიდველი და გამყიდველი სესიაში მონაწილეობენ უშუალოდ, წარმომადგენლის საშუალებით (მინდობილობის გამოყენებით) პროცესი არ წარიმართება.
როგორ ხდება ნასყიდობის თანხის გადახდა?
arrow_drop_down_circle
ნასყიდობის თანხის გადახდა ხდება ესქრო მომსახურების გამოყენებით, რომელსაც გასწევს სს „საქართველოს ბანკი“.
რომელ ვალუტაში შეიძლება განისაზღვროს ნასყიდობის თანხა?
arrow_drop_down_circle
ნასყიდობის თანხა შეიძლება განისაზღვროს და გადახდილ იქნეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
რას გულისხმობს ნასყიდობის თანხის გადახდა ესქრო მომსახურების გამოყენებით?
arrow_drop_down_circle
ესქრო მომსახურება გულისხმობს უძრავი ქონების ღირებულების გადახდას საბანკო გადარიცხვის გზით, შემდეგი პრინციპით:
1) მყიდველის საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა გამყიდველისთვის გადასარიცხად, გამყიდველთან გადარიცხვამდე ეს თანხა განთავსდება ბანკის შიდა საბანკო ანგარიშზე;
2) გამყიდველის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე. თუ მყიდველი ვერ დარეგისტრირდება მესაკუთრედ, თანხა უკან დაუბრუნდება მყიდველს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
3) ერთსა და იმავე ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, გარიგების მხარეებმა შეიძლება აირჩიონ თანხის გადახდის შემდეგი მეთოდი: გამყიდველის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრი წარმოებაში მიიღებს მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, რომელსაც თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ხელშეკრულება და გარიგების დადების პროცესის ამსახველი აუდიოვიდეოჩანაწერი;
4) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა, სესია შეწყდება და საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ვერ/არ განხორციელდება.
რამდენია ესქრო მომსახურების ღირებულება?
arrow_drop_down_circle
ესქრო მომსახურების ღირებულება შეადგენს 35 ლარს.
შესაძლებელია თუ არა ნასყიდობის თანხის მიღება სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისთანავე?
arrow_drop_down_circle
ერთსა და იმავე ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში გამყიდველის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტს ირჩევენ გარიგების მხარეები (მყიდველი და გამყიდველი) ურთიერთშეთანხმებით:
1) სტანდარტული გადარიცხვა - გამყიდველის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე. თუ მყიდველი ვერ დარეგისტრირდება მესაკუთრედ, თანხა სრულად უკან დაუბრუნდება მყიდველს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2) მყისიერი გადარიცხვა - გამყიდველის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი წარმოებაში მიიღებს მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, რომელსაც თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ხელშეკრულება და გარიგების დადების პროცესის ამსახველი აუდიოვიდეოჩანაწერი.
აუცილებელია თუ არა საბანკო ანგარიშის ქონა ესქრო მომსახურებისთვის?
arrow_drop_down_circle
ესქრო მომსახურებისთვის აუცილებელია გარიგების მხარეებს ეროვნულ ვალუტაში ჰქონდეთ საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“.
როგორ არიან დაცული გარიგების მხარეები რისკებისაგან გონიერი კონტრაქტის მომსახურების გამოყენებით?
arrow_drop_down_circle
• თუ მხარეების მიერ არჩეულია მყისიერი გადარიცხვა:
გარიგების თანხა წინასწარ განთავსდება დაცულ საბანკო ანგარიშზე და მას შემდეგ, რაც მხარეები ხელს მოაწერენ ნასყიდობის ხელშეკრულებას და გამყიდველი გამოხატავს თანხმობას შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, უძრავი ქონების მყიდველის საკუთრებაში გადასვლაზე და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოებაში მიიღებს სარეგისტრაციო განცხადებას, რომელსაც თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ხელშეკრულება და გარიგების დადების პროცესის ამსახველი აუდიოვიდეოჩანაწერი, ნასყიდობის თანხა ავტომატურად გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე.
• თუ მხარეების მიერ არჩეულია სტანდარტული გადარიცხვა:
გარიგების თანხა წინასწარ განთავსდება დაცულ საბანკო ანგარიშზე და მას შემდეგ, რაც სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეაფასებს ხელშეკრულების ყველა პირობას და დაარეგისტრირებს შემძენის საკუთრების უფლებას, ამონაწერის მომზადების თანადროულად, ნასყიდობის თანხა ავტომატურად გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე.
რამდენია გონიერი კონტრაქტის მომსახურების საფასური და ვადა?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურების საფასური და ვადა იგივეა, რაც უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში:
განცხადების შეტანის დღეს – 350 ლარი;
1 სამუშაო დღის ვადაში – 270 ლარი;
4 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის შემთხვევაში:
• დაჩქარებული მომსახურება (განცხადების შეტანის დღეს):
o ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის მომსახურების საფასური - 75 ლარი.
o დამატებით, ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების არჩევის შემთხვევაში - 101 ლარი.
• სტანდარტული ვადა (1 სამუშაო დღე):
o ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის მომსახურების საფასური - 26 ლარი.
o დამატებით, ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების არჩევის შემთხვევაში - 52 ლარი.
როგორ ხდება გარიგების/განცხადების ელექტრონულად ხელმოწერა?
arrow_drop_down_circle
გარიგებაზე/განცხადებაზე მხარეთა ელექტრონული ხელმოწერები სრულდება კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით და არ მოითხოვება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
რომელი დოკუმენტებით დასტურდება გარიგების დადების ფაქტი?
arrow_drop_down_circle
გონიერი კონტრაქტის მომსახურებით სარგებლობისას მხარეთა ნების გამოვლენის დამადასტურებელია გარიგება და აუდიოვიდეოჩანაწერი, რომელიც ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
როგორ არის დაცული სესიის მხარეთა პერსონალური მონაცემები?
arrow_drop_down_circle