FIG კონფერენცია

ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG) კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ მოხსენებები წარადგინეს

FIG - ამზომველთა საერთაშორისო კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ინოვაციურ მიდგომებსა და პროცესის დიგიტალიზაციაზე მოხსენებები გააკეთეს.

მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ ღონისძიებაზე წარადგინა მიწის რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში - ,,ინოვაციური მიდგომები და გადაწყვეტილებები“, ხოლო მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მთავარმა იურისტმა თეიმურაზ გაბრიაძემ საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესის დიგიტალიზაციაზე ისაუბრა.

მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის წარმატებული შედეგების, თანამედროვე სამართლებრივი რეგულაციებისა და რეგისტრაციისთვის გამოყენებული ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტების (მათ შორის, ელექტრონული ოქმის აპლიკაცია) შესახებ ქართული დელეგაციის ინფორმაციამ კონფერენციის მონაწილეების ინტერესი გამოიწვია და პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ორლანდოში ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ამზომველთა საერთაშორისო ფედერაციის (FIG) აფილირებული წევრია.

ორგანიზაციის წევრობა სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას, FIG -ის წევრი 115 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად,

მუდმივად ეცნობოდეს სფეროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. ამასთან, გააზიაროს და მიიღოს გამოცდილება საამზომველო საქმიანობის, გეოგრაფიული მონაცემებისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.