WB სამუშაო შეხვედრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უგანდის მიწის, განსახლებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ცოდნის გაზიარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებას დაესწრნენ.
მსოფლიო ბანკის მხრიდან, შეხვედრას ურბანული, მდგრადი განვითრებისა და მიწის პრაქტიკის მიმართულების გლობალურმა დირექტორმა ბერნის ვან ბრონჰორსტმა უმასპინძლა.

თემატური შეხვედრები მიწის ადმინისტრირების რეფორმების მიმდინარეობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისების ციფრული ტრანსფორმაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებას მოიცავდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციას თავმჯდომარე დავით დევიძე ხელმძღვანელობდა, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უგანდის მიწის, განსახლების და ურბანული განვითარების სამინისტროს მუდმივი მდივანი დორკას ვაგიმა ოკალანი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობისა და მიღწეული პოზიტიური შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, ამასთან, მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და უგანდის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივა, რომლის ფარგლებშიც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უგანდის კოლეგა უწყებას სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებით ექსპერტულ დახმარებას გაუწევს, კერძოდ მიწის სისტემური რეგისტრაციის ინოვაციური მიდგომების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიური ცოდნის, მიწის ადმინისტრირების სერვისების დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის, ასევე IT მართვის საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებს.