თბილისის სისტემური რეგისტრაცია

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის მიერ დასახელებულ არეალებში მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, 2023 წლის ოქტომბერში, მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა დაიწყება.

რეფორმა გულისხმობს წინასწარ დადგენილი გრაფიკით მოქალაქისათვის უფასოდ მიწის ნაკვეთების აზომვასა და რეგისტრაციას.

2022 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის მსგავსად, თბილისის სისტემურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. პროექტი დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში აიზომება და დარეგისტრირდება 27,684 მიწის ნაკვეთი, რაც 757ჰექტარს შეადგენს, შეძენილ იქნება შესაბამისი ტექნიკა და დასაქმდება 130-მდე ადამიანი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, რომელიც, ასევე, 2024 წლის ბოლოს დასრულდება, უკვე შეიქმნა 1000-მდე სამუშაო ადგილი; აიზომა 305 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 104 000 ჰა-ზე მეტია; საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 250 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით – 93 957 ჰა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო. რეფორმით სარგებლობა შეუძლიათ დიასპორის წარმომადგენლებსაც.