ხაშურში აზომვები დაიწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი - თენგიზ ჩიტიაშვილი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას. ამჟამად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური საამზომველო სამუშაოები. პროცესში ჩართულია 128 ამზომველი. მოსახლეობის აქტივობა არის ძალიან მაღალი და დღეის მდგომარეობით უკვე აზომილია 21 000 ნაკვეთზე მეტი.

დღეს მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა და შევთანხმდით იმ მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც მერიისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლები კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის აზომვასა და რეგისტრაციას.“ - აღნიშნა დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

❗️მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

🌐კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule