შეხვედრა მსოფლიო ბანკთან

მსოფლიო ბანკის მისიის წევრების შეფასებით საჯარო რეესტრს შუეძლია სისტემური რეგისტრაციის, მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხებში სხვა ქვეყნებს ექსპერტული დახმარება გაუწიოს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს სააგენტოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.

მსოფლიო ბანკის მისიის წევრებმა პროექტის მნიშვნელობაზე და ქვეყნისთვის პოზიტიურ ზეგავლენებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, პროექტის იმპლემენტაცია უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს და პროექტის დასრულებისთვის ყველა სამიზნე ინდიკატორი მიღწეული იქნება.

მსოფლიო ბანკის მისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის,რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

"ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმატებით მიმდინარეობს: პროექტის ფარგლებში, 16 მუნიციპალიტეტის 40 ადმინისტრაციულ ერთეულში დარეგისტრირდა 84,000 მესაკუთრის უფლება, საიდანაც 48% ქალია. შეიქმნა ინოვაციური პროგრამა - ელექტრონული ოქმის აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს და ამუშავებს მიწის ნაკვეთების საველე და სამართლებრივ მონაცემებს. შედეგად მოქალაქეებს ორჯერ სწრაფად შეუძლიათ სასურველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება; შეფასების საფუძველზე გაუმჯობესდა IT ინფრასტრუქტურა და დაინერგა უსაფრთხოების მექანიზმები; დრონების მეშვეობით შეიქმნა გაუმჯობესებული გარჩევადობის ორთო ფოტოები. შემუშავდა და დაინერგა ISO სტანდარტებზე დაფუძნებული ხარისხის კონტროლის მექანიზმები.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის" ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა და ადამიანური კაპიტალის ზრდამ განაპირობა გეოგრაფიული არეალის გაფართოება, შედეგად ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დასაქმებულია 1000-ამდე თანამშრომელი.

,,მიწის სისტემური რეგისტრაციის“ რეფორმა სახელმწიფოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. პროექტისთვის ჯამურად მობილიზებულია 120 მილიონი ლარი.

,,მიწის სისტემური რეგისტრაცია“ 2024 წლის ბოლოს დასრულდება.