ვიზიტი ნიუ-იორკში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სესიაზე, გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის აქტუალური საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN GGIM) მე-13 სესიაში.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების კოლეგა ექსპერტებს/უწყებებს შეხვედროდა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის აქტუალური ასპექტები თუ თანამშრომლობის საკითხები განეხილა. ასევე, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ.

ქართული დელეგაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის - ვახტანგ ბოხაშვილის ხელმძღვანელობითა და შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სახელით, აღნიშნული კომიტეტის წევრია როგორც გეოინფორმაციული სფეროს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი უწყება ქვეყანაში.

საჯარო რეესტრი მიწის სისტემური რეგისტრაციისა და დამისამართების რეფორმებს ახორციელებს, რომლებშიც გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სისტემებს მნიშვნელოვანი როლი აქვს. სესიაზე მიღებული გამოცდილება სააგენტოს ხელს შეუწყობს ორივე რეფორმის კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებას, ასევე, სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI-ის) განვითარებას, ძირითადი გეოსივრცითი მონაცემების გაზიარებასა და ეფექტურ მართვას.

სესიაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მსოფლიოში წამყვან დარგობრივ უწყებებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ასევე, ახალი პროექტების მოსაზიდად.