„წიგნის ბუდე“ სააგენტოში

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამკითხველო კუთხე „წიგნის ბუდე“ მოეწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ერთობლივად გატარება, აქტიური თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლასა და წიგნების უსასყიდლოდ მიწოდებაზე. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ჩაერთვება მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის კამპანიაში - რეგიონულ ბიბლიოთეკებში მოეწყობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, განთავსდება რეფორმის მიმდინარეობის ზოგადი საინფორმაციო კუთხე.

“სამკითხველო კუთხის ინიციატივა დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ იქნება თანამშრომლებისთვის სტიმულის მიმცემი და ის წიგნები, რომლებსაც განვათავსებთ, აუცილებლად გადავა ხელიდან ხელში” - აღნიშნა დავით დევიძემ.

მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წლებია მთელი ქვეყნის მასშტაბით მკითხველს სკვერის ბიბლიოთეკებს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის შენობაშიც სამკითხველო კუთხე მოეწყობა.