IFA საერთაშორისო კონფერენცია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო IFA-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც მაღალტექნოლოგიური სისტემების დანერგვაზე ორიენტირებულ უწყებას, ქალაქ ბერლინში გამართულ კონფერენციაზე შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა საერთაშორისო ტენდენციებს IT მიმართულებით.

სააგენტო ერთ-ერთი პირველი ადმინისტრაციული უწყებაა საქართველოში, რომელმაც ქვეყანაში მომხმარებელზე ორიენტირებული ელექტრონული სახელმწიფო სერვისები შექმნა. ელექტრონული მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით, სააგენტო დღემდე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც სრულიად ციფრული პროცესია - ელექტრონული ოქმის დახმარებით, მნიშვნელოვნად გამარტივდა საამზომველო სამუშაოები და ნაკვეთების რეგისტრაცია.

IFA-ის გამართულ კონფერენციაზე გაიმართა როგორც პანელური დისკუსია და ძირითადი გამოსვლების სერია, ასევე ტექნოლოგიური გამოფენა.

კონფერენციის მთავარი მიზანი ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციების გაცნობა, ინოვაციური მიღწევების პოპულარიზაცია და სხვადასხვა დარგის ექსპერტების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

საერთაშორისო კონფერენციამ 48 ქვეყნის 2060-ამდე წარმომადგენელს უმასპინძლა.

IFA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობა სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს საერთაშორისო ტენდენციებს IT მიმართულებით და კიდევ უფრო გააუმჯობესოს არსებული სტანდარტები. მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე, მნიშვნელოვანია საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით.