დელეგაციების ვიზიტი

საჯარო რეესტრის საქმიანობის შედეგებს კარტოგრაფირების მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოსა და სომხეთის დელეგაციები გაეცნენ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს კადასტრის, მიწის რეგისტრაციის და კარტოგრაფიის ორგანოსა და სომხეთის კადასტრის კომიტეტის დელეგაციები ესტუმრნენ.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ - ელისო გელაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სააგენტოს მიზნებისა და მიღწევების, საქართველოს სარეგისტრაციო სისტემების, სერვისების, ბიზნეს-პროცესების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში სივრცითი ინფორმაციის წარმოება-გაზიარების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. ასევე, სტუმრები გაეცნენ სააგენტოში შექმნილ კარტოგრაფიულ პროდუქტებს, ქვეყნის მასშტაბით დამისამართების რეფორმის მიმდინარეობასა და შუალედურ შედეგებს.

ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს კადასტრის, მიწის რეგისტრაციის და კარტოგრაფიის ორგანოს წარმომადგენლებმა ქართველ და სომეხ კოლეგებს კარტოგრაფიული პროდუქტების წარმოების მიმართულებით საკუთარი ქვეყნის წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს.

სომხეთის დელეგაციამ გეოსივრცითი მონაცემების საკითხზე, კადასტრის კომიტეტის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება წარადგინა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ნიდერლანდებში არსებული რეესტრები და სერვისები, რეესტრების ინტეგრაციის საკითხები, ციფრული რუკები. ასევე, გეოსივრცითი მონაცემები, პროექტის მართვის LEAN მეთოდოლოგია, ინოვაციების მართვა და სხვა.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს და შესაძლებლობები და ფორმატი განიხილეს.