LANDNET-საერთაშორისო შეხვედრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის LANDNET-ის მე-14 საერთაშორისო შეხვედრაზე მიწის კონსოლიდაციის მიზანშეწონილობის კვლევის ანგარიში წარადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თურქეთში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) LANDNET-ის მე-14 საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს მონაწილეობა.

წლევანდელი შეხვედრის მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარების გაძლიერება მიწის მიტოვების აღმოსაფხვრელად და მიწის კონსოლიდაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

აღნიშნული კვლევის შედეგების გაზიარებისა და მიწის კონსოლიდაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ანგარიში საჯარო რეესტრის მხრიდან მსოფლიო ბანკის „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის (ILMDP) მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ, სააგენტოს წარმომადგენლებთან და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად წარადგინა.

საქართველოში სააგენტოს დაკვეთით მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის (ILMDP) მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა განხორციელდა.

კვლევა შესრულდა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური დახმარების საშუალებით ცალმხრივი სატრასტო ფონდის პროექტის (UTF/GEO/020/GEO) ფარგლებში.

LANDNET-ი ევროპის მიწის მართვის პროფესიონალთა ტექნიკური ქსელია, რომლის მიზანი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე 100-ზე მეტი სახელმწიფო, აკადემიური, არასამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართულობა LANDNET-ის მე-14 საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში მნიშვნელოვანია, რადგან მოხდა განხორციელებული შედეგებისა და მიწის კონსოლიდაციასთან დაკავშირებული საკითხების გაზიარება სხვა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.