სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობა და შეფასება იყო.

მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები განიხილეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგისტრაციის პროცესებში პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულების ტექნიკურ-მატერიალური მხარდაჭერის საკითხებს.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორი მიმართულებით მიმდინარეობს: პირველი მიმართულება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ითვალისწინებს, სადაც სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა მიმდინარეობს; მეორე მიმართულების ფარგლებში საჯარო რეესტრის შესაძლებლობების ზრდა არის გათვალისწინებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კუთხით.