INTERGEO 2022

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციაზე „INTERGEO 2022“.

სააგენტოს თანამშრომლები კონფერენციაზე გეოდეზიის, კადასტრის, სივრცითი დაგეგმარების, მიწის მართვისა და გეოინფორმაციის სფეროების ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა: დისტანციური ზონდირება, 4D-გეომონაცემები, გეოგრაფიული საინფორმაციო (GIS) და გეოდეზიური საკოორდინატო სისტემები .

გერმანიის გეოდეზიის, გეოინფორმაციისა და მიწის მართვის ასოციაციის (DVW) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სააგენტოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ზემოთ აღნიშნული სფეროების მოწინავე, ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს გაცნობოდნენ.

გერმანიაში გამართულ ღონისძიებას გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი - ივანე ცარციძე, ამავე დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი - ირაკლი გოცაძე და სამსახურის კოორდინატორი - გალაქტიონ ხახუბია ესწრებოდნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მნიშვნელოვანია სატელიტური გადაღების, დისტანციური ზონდირებისა და უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმირების მხრივ; ასევე, შენობების ინფორმაციული მოდელირებისა (BIM) და GIS-ის მიმართულებით დაგროვებული სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.