NSDI

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განვითარების საკითხზე საგენტოში მიწის რესურსების ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების კონცეფცია განიხილეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თემაზე მომუშავე სხვა სახელმწიფო უწყების წევრებთან ერთად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის(NSDI) ფარგლებში, მიწის რესურსების ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების კონცეფცია, ტენდენციები და რეკომენდაციები განიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასა და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე, თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილი, სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და შპს „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არის გეოგრაფიული მონაცემების უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი , ასევე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინატორი.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის მონაცემების მარტივად გაცვლის პროცესს, შეამცირებს ინფორმაციის მიღების დროსა და რესურსს.