შეხვედრა სამტრედიაში

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სამტრედიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საველე საამზომველო სამუშაოები და დღეის მდგომარეობით აზომილია უკვე 14 000-მდე მიწის ნაკვეთი.

რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლები, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს.

„თუ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია დაცულია შესაბამის არქივებში, საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით შეძლებს აღნიშნული ქონების მათ საკუთრებაში რეგისტრაციას. ორივე უწყების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა მიწის ნაკვეთის მფლობელი შეძლებს მარტივად და უფასოდ დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთები.“ - აღნიშნა კომენტარში დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule