შეხვედრა ლაგოდეხში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საამზომველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. რეფორმის ფარგლებში თებერვლის თვიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აქტიური აზომვითი სამუშაოები დაიწყო. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში უკვე აზომილია 5000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლები, კახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე - ლევან ლილუაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს წევრები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიზნით დაიწყო საველე-საამზომველო სამუშაოები.

საჯარო რეესტრის ამზომველები მერიის თანამშრომლებთან კოორდინირებულად უზრუნველყოფენ საამზომველო სამუშაოების მოსახლეობისთვის მოსახერხებელ სასურველ დროს დაგეგმვას და შესრულებას. საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან დღემდე 1 წლის განმავლობაში სრულიად აიზომა 190 000 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია 110 000 მიწის ნაკვეთზე“ - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

🌐 კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule